ავტორი: ანა გაგუა
საქართველოში ქრისტიანობას ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ერთი მხრივ, ქრისტიანობა იყო ერის იდენტობის შენარჩუნების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მირიან მეფემ მეოთხე საუკუნის დასაწყისში აირჩია.
ქრისტიანობის განსაკუთრებული იდეოლოგიური მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა ერთიანი საქართველოს ფორმირების პროცესში, კერძოდ, შუა საუკუნეების იდეოლოგიურ ფორმულირებაში „ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“ (გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“) ანუ დაქუცმაცებული საქართველოს გამაერთიანებელ ძალად და გაერთიანების შემქმნელ იდეოლოგიურ ფონად ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვა ითვლებოდა. თითქმის 1700 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული იდეოლოგიური ფონი რჩებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მამოძრავებელ ბერკეტად.
1700 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამპყრობელი დაუპირისპირდა ამ იდეოლოგიურ ფონს, თუმცა, მათგან ყველაზე უფრო წარმატებული რუსეთის იმპერია გამოდგა, რომელმაც საკუთარი ქრისტიანობა „იფარა“ და ისე შეეცადა ქართული ქრისტიანობის განადგურებასა და დამახინჯებას.
XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაუქმების შემდგომ, ფსევდო-ერთმორწმუნე, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს არაერთი დანაშაული მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე. რადგანაც ენა და რელიგია ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი იყო, 1811 წელს „ერთმორწმუნე“ მეფის რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გამოაცხადა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღო. ენისა და რელიგიის განადგურების მთავარი მიზანი ქართული ერთიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების მოსპობა იყო. მეფის რუსეთის ამ პოლიტიკის შედეგად, 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა.
მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე“ რუსებმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს სასულიერო პირებს - სცემეს და თავზე ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს ქუთათელი დაიხრჩო),ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესიები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწმინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის სავანე ), რუსეთში გაიტანეს მტრების შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები- მათ შორის, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარებa, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი .1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერი გაანადგურა, იქ დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი თვლები დააძრო. .
„ერთმორწმუნე“ რუსეთის ეკლესიის ბარბაროსული ქმედებები ნიკოლოზ დურნოვს თავის ჩანაწერებში აქვს აღწერილი : „ქართული ეკლესიის ბედი“ : „სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი, რომელნიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდათ, დასწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც დარჩა პეტერბურგში წაიღეს და ბოლოს ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.“ იმპერატორ ნიკოლოზ I-ის საქართველოში ჩამოსვლის წინ კი ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმიდის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიულ-კულტურულ ფრესკები.
რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო მარტივად გახდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის“ პროცესი. ზუსტად ამ მიზნით ნადგურდებოდა ფრესკები, ქართული ხელოვნების ნიმუშები, ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები, როგორც ქართული დამწერლობის შენახვისა და გავრცელების საშუალება.
რუსიფიკატორული პოლიტიკა საიდუმლო არც ყოფილა. მაგალითად, 1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის სისხლში ჩახრჩობა იყო.
იმდროინდელი ქართული საერო და სასულიერო ელიტა მიხვდა, რომ სარწმუნოების გადასარჩენად რუსული იმპერიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა იყო საჭირო. მაგრამ რუსეთის იმპერია მწარედ უსწორდებოდა ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მის ბარბაროსულ ქმედებებს.
1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოსი პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, მოგვიანებით, 1887 წელს კი მოკლეს. სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდნენ ეპისკოპოსი კირიონი, დეკანოზი კალისტრატე, ნიკოლოზ დურნოვი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია და დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს. რუსებმა შეამჩნიეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიზანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთგული მცველი - კირიონ მეორე ამოიღეს. 1917 წელს რუსეთში დაძაბული შიდა სიტუაცია იყო, რამაც კირიონს საშუალება მისცა 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ეკლესია რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის უშუალო მმართველობისგან გამოეყვანა. თუმცა, ამისთვის 1918 წლის 26 ივნისს რუსეთმა ქართული ეკლესიის მცველი სიცოცხლეს გამოასალმა.
ქართული ეკლესიის, კულტურული ძეგლებისა და ქართული ენის, როგორც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენის განადგურების მცდელობა რუსეთის იმპერიის გარდა საბჭოთა ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილიც იყო. ბოლშევიკური რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა ქართველი ერი საბოლოოდ დაემორჩილებინა, რისთვისაც სარწმუნოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა, ეკლესია მონასტრები დახურა, მღვდლები და მონაზვნები მონასტრებიდან გამოაძევა და ღვთისმსახურება აკრძალა. ქართული ეკლესიის დაქვემდებარება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენდა, ვინაიდან მისი მეშვეობით, იდეოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს რუსეთის იმპერიაში ასიმილაციას შეუწყობდნენ ხელს. საჭირო იყო მისი დასუსტება, მით უმეტეს, რომ რუსული ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, საქართველოს ეკლესია ეკონომიკურად დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდა. 1921 წლის 14 აპრილს საქართველოს რევკომის #21 ბრძანება მიიღეს „სახელმწიფოსგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ“, რის საფუძველზეც საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას მთელი უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:
„არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. საქართველოს რესპუბლიკაში არსებულ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“ - საქართველოს რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი №21, 1921 წლის 14 აპრილი."
1921 წლიდან ქართული ეკლესიის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბოლშევიკ აქტივისტებს ეკლესია-მონასტრებიდან გაჰქონდათ საეკლესიო ქონება, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. რუსმა ეგზარქოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ამ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ხმა პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ აიმაღლა, რომელმაც 1922 წელს, გენუის კონფერენციას (საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური პრობლემები განიხილებოდა) მემორანდუმით მიმართა და საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა.
„ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რუსები კი ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია“
ამ მიმართვის გამო, ამბროსი ხელაია იმავე წელს დაპატიმრებულ იქნა „ჩეკა“-ს (საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური - чрезвычайная комиссия) მიერ.
ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ეკლესიების დაკეტვას ხშირ შემთხვევაში ქართველი მოსახლეობაც უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ბოლშევიკური პარტიის წევრები მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ. ქართული ეკლესიის მიმართ რეპრესიები გრძელდებოდა. ამ პერიოდში მრავალი ეკლესია დაანგრიეს და მათ ადგილას პარტიული და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები ააშენეს. 1923 წლისთვის საქართველოში 1212 ეკლესია დაიკეტა.
შესაბამისად, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის მიერ ხორციელდებოდა ერთგვარი კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული იდენტობის, ენის, დამწერლობის, ხელოვნების ნიმუშების და სულიერი ერთობის მოსპობა იყო.
თუმცა დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედია საშუალებებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას“ და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოიყენებულია როგორც რუსული „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკით.
წყაროები:
ნიკოლოზ დურნოვი, „ქართული ეკლესიის ბედი“, 1907წ, http://kakurii.blogspot.com/2012/10/blog-post_2232.html
„საარქივო მოამბე“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, №8, 2010 ზამთარი, http://archive.security.gov.ge/THE%20ARCHIVAL%20BULLETIN%20N8.swf
„საარქივო მოამბე“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, №1, 2008 აპრილი, http://archive.security.gov.ge/THE%20ARCHIVAL%20BULLETIN%20N1.swf
„საარქივო მოამბე“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, №13, 2012, http://archive.security.gov.ge/THE%20ARCHIVAL%20BULLETIN%20N13.swf